სახალხო დამცველის აპარატმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. ომბუდსმენი მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებაში წლების განმავლობაში მიმართავდნენ ბავშვების მიმართ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ მოქმედებებს. აღზრდის მეთოდებში ინტეგრირებული დასჯის ფორმები დამამცირებელი, ღირსების შემლახავი და მატრავმირებელი იყო არასრულწლოვნებისთვის.
სახალხო დამცველი პანსიონში 2021 წლის ივნისის ბოლოს შევიდა და აფასებს ისეთ გარემოებებს როგორიცაა განათლება, ბავშვების სოციალიზაცია, ჯანმრთელობის უფლება, დასჯის მეთოდები და ა.შ. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, არაერთი ცვლილების მიუხედავად, პანსიონში კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები.
დასჯის მეთოდები
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საგანგაშო და შემაშფოთებელია საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პანსიონის აღმზრდელები ბენეფიციარების მიმართ ძალადობის და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის არაერთ ფორმას იყენებდნენ. როგორც ვკითხულობთ, ძალადობის სისტემატიურ ხასიათზე მიუთითებს სისხლის სამართლის საქმეების მასალებში არსებული გამოკითხვის მეთოდებიც.
- "ერთ-ერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში. მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა"
- "ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა"
- "როდესაც ბავშვებს შუადღის ძილისგან გამოეღვიძათ, აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ.
- "აღსაზრდელებს მიმართავდნენ სიტყვებით: "საქონელი", "ქუჩიდან მოთრეული", "დედისგან მიტოვებული".
- "ჭამაზე უარის გამო დასჯის მიზნით ბავშვებს საკვებს თავზე ასხამდნენ. ერთ-ერთი შემთხვევისას აღმზრდელმა ბავშვს ჩაი დაასხა თავზე და მერე დაბანა აუკრძალა"
- "დასჯის ფორმად გამოიყენა ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვისთვის ხელების ერთმანეთზე ბინტით შეკვრა და მთელი ღამით ასე დატოვება"
- "არასრულწლოვნებმა ისაუბრეს სკამის ფეხის თავში დარტყმის, ცივ იატაკზე დაყენების შემთხვევების შესახებაც"
- ერთ-ერთი აღსაზრდელის თქმით, მას უთხრეს, 10 მეტანია გაეკეთებინა მხოლოდ იმიტომ, რომ თამაშისას ბურთი, შემთხვევით, ფანჯარას მოახვედრა"
- ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელმაც განაწყენებულმა ყოფილ ხელმძღვანელს უცენზურო სიტყვებით მიმართა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს.
- "ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი განმარტავდა, რომ ძალადობისას ტირილს უკრძალავდნენ, რის გამოც ტირილის შიში ახლაც აქვს და ვერ გამოხატავს ამ ემოციას"
განათლებაზე ხელმისაწვდომობა
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, პანსიონში მცხოვრებ აღსაზრდელებს მათ საჭიროებებზე მორგებულ სრულფასოვან განათლებაზე ხელი არ მიუწვდებოდათ და მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მუშაკები ამ საკითხზე მუშაობენ, საჭირო ყურადღება ამ საკითხს მაინც არ ექცევა.
საკითხის შესწავლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ბენეფიციარებს არ ეძლეოდათ დაწესებულებიდან დამოუკიდებლად გასვლის, თანატოლებთან თამაშისა და სხვა გასართობ აქტივობებში აღმზრდელების თანხლების გარეშე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ამასთანავე, არასრულწლოვნები სკოლაში არა მხოლოდ აღმზრდელთა თანხლებით მიდიოდნენ, არამედ აღმზრდელთა ნაწილი საგაკვეთილო პროცესის დასრულებამდე იმყოფებოდა სკოლის შენობაში.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მწვავედ დგას ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების საკითხი.
- "არასრულწლოვნებთან და სოციალურ მუშაკებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვი არასდროს ყოფილა მაღაზიაში და არ აქვს საკვების, ნივთის ყიდვის გამოცდილება. ისინი აღმზრდელთა მიერ შემოღებულ წესებს ემორჩილებოდნენ და არასდროს მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე, არ იღებდნენ მონაწილეობას მათთვის სამოსის შერჩევაში"
კვება
რომ 2021 წლის 13 სექტემბრის მონაცემებით და მას შემდგომ მიღებული ინფორმაციით, აღსაზრდელთა მენიუ ოთხკომპონენტიან სადილს მოიცავს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაწესებულებისთვის ბავშვების სათანადო კვებით უზრუნველყოფა წლების განმავლობაში პრობლემა იყო და არასრულწლოვნები ვერ იღებდნენ მათი განვითარებისთვის აუცილებელ საკვებს.
- "ბავშვები აღნიშნავდნენ, რომ არ მოსწონდათ დაწესებულების კვება. ფაქტობრივად, არ იღებდნენ ხორცის პროდუქტებს, ძირითადად, იკვებებოდნენ ლობიოთი და წვნიანით, საუზმესა და ვახშამზე მხოლოდ ჩაისა და პურს იღებდნენ, იშვიათად, კარაქთან ან ჰალვასთან ერთად"
- "კვების საკითხებთან დაკავშირებით, არასოდეს ითვალისწინებდნენ ბავშვების აზრსა და სურვილებს"
რა ხდება ახლა
საქმეთა შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურორს პანსიონში ბავშვების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოების წინადადებით მიმართა.
წინადადებით სახალხო დამცველმა მოითხოვა საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება; საქმეთა კვალიფიკაციის შეცვლა; საგამოძიებო სტრუქტურული ერთეულისა და ზედამხედველი პროკურორის შეცვლა; საქმიდან მოქმედი სოციალური მუშაკის ჩამოშორება; მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, რელევანტური ექსპერტიზების ჩატარება; ტელეფონისა თუ შესაბამისი კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებ;, პანსიონის ხელმძღვანელი პირების (საერო და სასულიერო) გამოკითხვა; სამედიცინო და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მოპოვება; კონკრეტულ შემთხვევებში დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება და სხვა.
სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, რომ გამოძიებებს აქვს არსებითი ხარვეზები ეფექტიანობის მიმართულებით, გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები ხშირ შემთხვევაში გულგრილად უდგებიან არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს.
2021 წლის გაზაფხულის შემდგომ, დაწესებულებიდან ბიოლოგიურ ოჯახში სულ 12 არასრულწლოვანია გადაყვანილი, ზრუნვის სხვა ფორმაში კი, 22 აღსაზრდელი განთავსდა. ნინოწმინდის პანსიონიდან ზრუნვის სხვა ფორმაში გადაყვანილი არასრულწლოვნებიდან 15 გადაყვანილია მცირე საოჯახო ტიპის სახლში, ხოლო 7 - მინდობით აღმზრდელ ოჯახთან. აღნიშნულ პერიოდში ბიოლოგიური ოჯახიდან ბავშვის ნინოწმინდის პანსიონში დაბრუნების 2 შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც სახალხო დამცველი ბიოლოგიური ოჯახების მზაობისა და მათი სათანადოდ გაძლიერების გამოწვევებს უკავშირებს. 2021 წლის 22 ნოემბრის მონაცემებით, დაწესებულებაში კვლავ ირიცხება 17 აღსაზრდელი, რომელთაგან 15 ფაქტობრივად პანსიონში ცხოვრობს.
სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, პანსიონში დაწესებულების ხელმძღვანელობის შეცვლის შემდგომ, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს. გარდა ამისა, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დაწესებულება არასრულწლოვნებს უზრუნველყოფს სეზონის შესაბამისი სამოსით და გოგოებს აღარ ეკრძალებათ, სურვილის შემთხვევაში, შარვლის ჩაცმა. ბავშვებს გადაეცათ კომპიუტერული და გასართობი ტექნიკა. 2021 წლის სექტემბერში კი ბავშვები ზღვისპირა კურორტზე წაიყვანეს. ამასთან არასრულწლოვნებს ეძლევათ სკოლაში დამოუკიდებლად სიარულისა და სურვილისებრ, დაწესებულების ტერიტორიის დატოვების და სოციალიზაციის შესაძლებლობა. მიუხედავად აღნიშნულისა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პანსიონში კვლავაც არაერთი გამოწვევაა, როგორც დაწესებულების და აღსაზრდელთა დოკუმენტაციის წარმოების, ისე არასრულწლოვანთა ინდივიდუალური, მათ შორის, ბიო-ფსიქო-სოციალური საჭიროებების შეფასებისა და უზრუნველყოფის კუთხით.
ომბუდსმენი შემაშფოთებელს უწოდებს იმას, რომ დაწესებულებაში ამჟამადაც ირიცხება ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი.
"მართალია, სახალხო დამცველის რწმუნებულებს და საზოგადოებას აცნობეს, რომ პანსიონიდან ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი იყო გაყვანილი, თუმცა, იმ პერიოდში დაწესებულებაში კვლავ ირიცხებოდა ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი ზრუნვის სხვა ფორმაში მხოლოდ 2021 წლის 24 სექტემბერს გადაიყვანეს, ხოლო მეორე კვლავ პანსიონში ცხოვრობს. აღნიშნულს კიდევ უფრო ამწვავებს ის გარემოება, რომ დაწესებულებაში მცხოვრები არაერთი არასრულწლოვნის დოკუმენტაციაში პირდაპირ არის აღნიშნული ფსიქოლოგის, ხოლო ერთ შემთხვევაში, ფსიქიატრის ჩართულობის საჭიროება, რაც სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოლოგი თავად პანსიონის ხელმძღვანელობამ მოიძია, რომელიც ერთი თვის მანძილზე, მხოლოდ ორჯერ იმყოფებოდა დაწესებულებაში", - ვკითხულობთ ანგარიშში.
სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ დაჩქარებულ ვადებში შემუშავდეს და დამტკიცდეს დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და გეგმა.